ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყდეს საქმეები სასამართლოში და დაიწყოს დიალოგი.
მისი თქმით, მხოლოდ ასე შეძლებს საქართველო, გაიმეოროს ლიეტუვის გზა და გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი.
ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა.
"არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით.
თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.
მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია არავინ [ოპონენტი].
მაგრამ თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება.
ნატოსა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები.
თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ, შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ. ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება". - თქვა პავილიონისმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერია მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც გაიცა მისი პატიმრობის განჩინება.
17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო.